მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებულია სხვადასხვა თაღლითური შემთხვევები, რომლის მიზანიც, როგორც წესი, მონაწილეებისაგან თანხის მიღებაა. იმისათვის, რომ თავი დაიცვათ თაღლითობისაგან, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
1. თუ რეგისტრაციისათვის მიმართავთ რომელიმე კომპანიას, აუცილებლად დაესწარით რეგისტრაციის მომენტს თავად. ყურადღება მიაქციეთ, რომ რეგისტრაცია განხორციელდეს პირდაპირ ოფიციალურ საიტზე!
2. რეგისტრაციის დასრულებისას მოითხოვეთ თქვენი უნიკალური კოდი, რომელიც აუცილებელია შემდგომში გათამაშების პასუხების გადამოწმებისთვის. კოდი ავტომატურად გამოისახება საიტზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისას. გაითვალისწინეთ, რომ კოდი არის თქვენი საკუთრება და ის არ უნდა მოხვდეს სხვა პირის ხელში. კოდი უნდა იწყებოდეს იმ წლის რიცხვებით, რომელი წლის გათამაშებაცაა (მაგ: 2024XXXXXXXXX).
3. მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა არის უფასო! თუ გეუბნებიან, რომ გათამაშებაში მონაწილეობისთვის რაიმე თანხაა გადასახდელი ე.ი. საქმე გაქვთ თაღლითობასთან. თუ სარგებლობთ კომპანიის მომსახურებით,მათ შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრაციის მომსახურების საფასურის დაწესება, ეს იქნება გათამაშებისთვის რეგისტრაციაში დახმარების სერვისის ღირებულება და არა თავად გათამაშებაში მონაწილეობის.
4. არ გამოეხმაუროთ ელ-ფოსტაზე ან მობილურზე მოსულ შეტყობინებებს, რომლებშიც საუბარია მწვანე ბარათის მოგებაზე! ყველა ასეთი შეტყობინება არის თაღლითური, რადგან მწვანე ბარათის მოგების შესახებ შეტყობინება არ ეგზავნება აპლიკანტს. მოგების გადამოწმება მონაწილეს შეუძლია მხოლოდ თვითონ ოფიციალურ საიტზე საკუთარი უნიკალური კოდის გამოყენებით. აღნიშნული კოდი კი მხოლოდ მონაწილეს უნდა ჰქონდეს!
მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ უფასო კონსულტაცია ნომრებზე: 558168918;
გისურვებთ წარმატებებს!